დააკავეს პირი, რომელმაც საბაჟოზე მანქანით ₾411 962 ღირებულების ოქრო შემოიტანა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი "სარფის“ გავლით, მის მართვაში არსებული ავტომობილის სალონში, სპეციალურად მოწყობილი სამალავების გამოყენებით, მალულად შემოიტანა 1 851 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობა. ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 411 962 ლარს შეადგენს" - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.