ამოღებულია ამანათით ჩამოსული 8 კილოგრამამდე სინთეტიკური ნარკოტიკი - შსს მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროებს

18.11.26 13:50
ამოღებულია ამანათით ჩამოსული 8 კილოგრამამდე სინთეტიკური ნარკოტიკი - შსს მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მასშტაბური ნარკოდანაშაულის გახსნის შესახებ იუწყება - უწყება წერს, რომ სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

მათივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი „მეფედრონი“ და 3 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“, რომლებიც ბრალდებულის სახელზე გამოგზავნილ ამანათში იყო მოთავსებული.

უწყებაში ამბობენ, რომ ჩხრეკისას ასევე ნაპოვნია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, იარაღი და საბრძოლო მასალა -  დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის მხილების მიზნით, მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 5 კილოგრამზე მეტი „მეფედრონი“ და 3 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, 2 სანადირო თოფი და საბრძოლო მასალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- წერია განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები