ამერიკული კინოს ლეგენდა, რობერტ რედფორდი გარდაიცვალა

16.09.25 17:34
ამერიკული კინოს ლეგენდა, რობერტ რედფორდი გარდაიცვალა

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკული კინოს ლეგენდა, "ოსკარის" ჯილდოს მფლობელი მსახიობი,  რეჟისორი, პროდიუსერი დაბიზნესმენი.

მისმა წარმომადგენელმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რედფორდი იუტას მთებში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

  • ცოტა რამ რობერტ რედფორდის შესახებ და მის საქართველოში ვიზიტზე:

თითქმის 60 წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში, რედფორდმა არაერთი გამორჩეული ფილმი აჩუქა მაყურებელს, მათ შორის ყველაზე პოპულარული - Butch Cassidy and The Sundance Kid (1969), The Sting (1973) და All the President's Men (1976) Indecent Proposal (1993)

საინტერესო მოგონებები ჰქონდა რეჟისორ ელდარ შენგელაიას რობერტ რედფორდის საქართველოში ვიზიტზე. ამერიკელი მსახიობს შენგელაიას პირადად მასპინძლობდა. 

"მოვიარეთ მთელი თბილისი. რედფორდმა თონეში პურის ჩაკვრას რომ უყურა, მთხოვა, მეც ჩავაკრავო, ჩააკრა და კინაღამ ჩახტა თონეში, ხელი ვტაცე და დავიჭირე" - იხსენებდა შენგელაია. 

მისი თქმით, რედფორდი განსაკუთრებით ქართულმა ცეკვამ აღაფრთოვანა - "ნინო რამიშვილს სულ ხელები დაუკოცნა".

დეზერტირების ბაზარში მოინდომა გასეირნება ქართული სუნელების საყიდლად, ძალიან მოსწონდა მათი გემო. თვითონაც კარგად ერკვეოდა, იუტის შტატში ცხოვრობდა და იქ ჰქონდა თავისი მეურნეობა. წავიყვანე, რა თქმა უნდა, იცნეს და ფული არ გამოართვეს, გადაირია, რატომ არ მართმევენო? ავუხსენი, რომ ეს პატივისცემის ნიშანი იყო.

რედფორდის ვიზიტის შემდეგ ერთ წელიწადში 9 აპრილი მოხდა და წერილი მომწერა,"ასეთ კარგ ხალხს ასეთი რამ არ უნდა დაგმართოდათო! ძალიან თანაგვიგრძნობდა, შემდეგ სულ გვქონდა მიმოწერა, მეპატიჟებოდა. ამას წინათაც, "სავარძელი" რომ გადავიღეთ და გავგზავნეთ ფესტივალზე, მიწერ-მოწერა გვქონდა. ძალიან უშუალო ადამიანია. თბილისში რომ ჩამოვიდა, მითხრა, რობერტ დე ნირო იმდენად კმაყოფილი იყო თქვენთან ვიზიტის შემდეგ, ისე აღფრთოვანებული გვიყვებოდა, მეც მომინდა ჩამოსვლაო", - იხსენებდა ქართველი რეჟისორი.