„რაც სხეულს ახსოვს“ - თბილისში მარიამ კვაშილავას პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა

29.08.26 17:21
„რაც სხეულს ახსოვს“ - თბილისში მარიამ კვაშილავას პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა

„რაც სხეულს ახსოვს“ - ამ სახელწოდებით თბილისში მარიამ კვაშილავას პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს. მხატვარი სხვადასხვა ტექნიკას იყენებს — მუშაობს აკრილითა და ტუშით, ტილოსა და ქაღალდზე.

გამოფენაზე მთავარი ადგილი მეხსიერებას, გადაადგილებას, სამშობლოსა და ფესვებს უკავია. მარიამ კვაშილავასთვის ეს თემები პირად გამოცდილებასთანაც არის დაკავშირებული — 15 წლის ასაკში მან სამშობლო დატოვა.

ამ გამოცდილებამ გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზეც და განსაკუთრებული ყურადღება ქალების საერთო მეხსიერებისა და გამოცდილების მიმართ გაუჩინა.

მარიამ კვაშილავა ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს. თბილისში მისი გამოფენა ერთი თვის განმავლობაში დარჩება.

ექსპოზიციის ფარგლებში, ხვალ, 30 აგვისტოს, მარიამი 12-საათიან უწყვეტ პერფორმანსს გამართავს.
4 სექტემბერს კი იმავე სივრცეში არტისტული საუბარი გაიმართება.