მხატვარი და რეჟისორი რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა

06.06.21 21:33
მხატვარი და რეჟისორი რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა

ქართველი მწერალი,  მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი  რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში  გარდაიცვალა.

გაბრიაძე 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორისაა: "არაჩვეულებრივი გამოფენა" (ქართული ფილმი 1968), "სერენადა" (ქართული ფილმი 1968), "არ დაიდარდო" (მოსფილმი 1969), "ქვევრი" (ქართული ფილმი 1970), “ფეოლა” (ქართული ფილმი 1970), "შერეკილები" (ქართული ფილმი 1973), "მიმინო" (მოსფილმი 1977), "ქინძაძა" (მოსფილმი 1987) და სხვა.

მხატვრის ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული: სანქტ-პეტერბურგის თეატრალური და მუსიკალური ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში; ანა ახმატოვას მუზეუმში "შადრევნის სახლში" ფონტანკაზე, (სანქტ-პეტერბურგი); ფიოდორ დოსტოევსკის მემორიალურ მუზეუმში (სანქტ პეტერბურგი); ალექსანდრე პუშკინის სახელობის მუზეუმში (სანქტ-პეტერბურგი);ბულატ ოკუჯავას სახლ-მუზეუმში (პერედელკინო); ა. ბახრუშინის სახელობის თეატრალურ მუზეუმში,(მოსკოვი)

1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დაარსა მარიონეტების თეატრი. რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – "ნიკა", "ტრიუმფი", "ოქროს ნიღაბი", "ოქროს სოფიტი", "ცარსკოსელსკაია პრემია", შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.