ლეგენდარული მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა

ლეგენდარული მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა. ფაქტს ფერაძის მეგობარი მაკა რაზმაძე ადასტურებს.
მომღერალი ბელგიაში ცხოვრობდა, ბოლო 10 დღის განმავლობაში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
ინგა ფერაძე ბრიუსელის გარეუბანში, სოციალურ ბინაში ცხოვრობდა.
უცნობია, როდის მოხდება მომღერლის ჩამოსვენება.
70-80-იან წლებში ინგა ფერაძე თბილისში ძალიან პოპულარული, ქალაქური სიმღერების შემსრულებელი მომღერალი იყო. ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა. ჯერ კიდევ 17 წლის იყო, როცა გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.
„17 წლის რომ გავხდი, მოვინდომე დაბადების დღე კაფეში აღმენიშნა. რამდენიმე მეზობელი გოგო მყავდა დაპატიჟებული. იმ დღეს იქ ქეიფობდა ამ კაფეს დირექტორის შვილი თავის მეგობრებთან ერთად, რომლებიც კრივში საქართველოს ჩემპიონები იყვნენ. ჩვენს მაგიდასთან მოვიდნენ და გოგოებს გვთხოვეს, ვიცეკვოთო. ჩვენ უარი ვუთხარით – გმადლობთ, მაგრამ არ ვცეკვავთო. ამის გამო აყალ-მაყალი ატეხეს, იგინებოდნენ. შეგინება ასე არ უნდა-მეთქი და მეც შევაგინე. მერე ავიღე ბოთლი და გავუქანე. არავის მოხვედრია, კედელს მოხვდა.
ვაღიარებ, ჩემი ბრალი იყო ჩხუბი რომ ატყდა, უნდა მომეთმინა, მაგრამ დედის გინებას ვერავის ვაპატიებდი. ჩხუბი გარეთ გაგრძელდა, დაჭრეს ვიღაც. ღმერთმა იცის, მე არავინ გამილახავს და არც არავინ დამიჭრია. გამასამართლეს ხულიგნობის მუხლით და 8 წელი მომისაჯეს"- ამბობდა ფერაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
"რა გზაც მე გავიარე, 20 ადამიანის სიცოცხლეს უდრის" - ამბობდა მომღერალი.
ძალიან ბევრი სირთულე გავიარე ციხის პერიოდში, მაგრამ არაფერი ვთქვი, იმიტომ რომ, მე თბილისელი ვიყავი და ამაშია სწორედ საქმე. ჩვენ, თბილისელები არასოდეს ვყიდდით ერთმანეთს. თან, ქრისტიანი ვარ. ამიტომ, პროტესტი და შურისძიება არ მქონია. მეგობრები იქაც მყავდა და ბევრად უფრო კარგი დამოკიდებულება და პირობები იყო, ვიდრე აქ. ჩემი ანსამბლი მყავდა, ბოშების. ეზოში დავსხდებოდით, გიტარაზე ვუკრავდით და ვმღეროდით. დიდი ბიბლიოთეკა იყო, ბევრს ვკითხულობდი. ცოტა კონფლიქტი მქონდა რუსებთან მათი „პრაწივნი“ ხასიათის გამო.“ - არნიშნავდა ფერაძე.