ტრამპი: პუტინთან ტერიტორიულ საკითხებზე ვისაუბრებ, მაგრამ საბოლოო სიტყვა უკრაინაზეა

15.08.25 17:07
ტრამპი: პუტინთან ტერიტორიულ საკითხებზე ვისაუბრებ, მაგრამ საბოლოო სიტყვა უკრაინაზეა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინთან ტერიტორიულ საკითხებზე იმსჯელებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინაზეა. 

მისი თქმით, კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიები მიღწევადია.

ვგეგმავ პუტინთან ტერიტორიების საკითხის განხილვას, თუმცა საბოლოო სიტყვა ამ მხრივ უკრაინაზეა. რაღაც გამოვა. პუტინი ფიქრობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე შეტევები „ძალას ჰმატებს“, თუმცა, რეალურად, ეს მას ზიანს აყენებს. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც კიევსა და ევროპაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანად ითვლება, რეალურად მიღწევადია. დიახ, შესაძლოა ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად მოხდეს უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფა, მაგრამ არა ნატოს ფორმატში, - განაცადა ტრამპმა ალასკაში დაგეგმილ სამიტამდე.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ალასკაზე გაემგზავრა. მისი თვითმფრინავი ალასკისკენ უკვე გაფრინდა. 

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, თბილისის დროით, 23:30 საათზე, ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება. 

ისტორიული შეხვედრის შემდეგ, სადაც განხილვის თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება, შესაძლებელია, რომ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართონ. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. 

მსგავსი სიახლეები