ზელენსკი: ომის დასრულებისთვის საჭირო ნაბიჯი რუსეთმა უნდა გადადგას

15.08.25 17:12
ზელენსკი: ომის დასრულებისთვის საჭირო ნაბიჯი რუსეთმა უნდა გადადგას

ომის დასრულებისთვის საჭირო ნაბიჯი რუსეთმა უნდა გადადგას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპსა და პუტინს შორის დაგეგმილი სამიტის წინ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეხვედრა ხსნის სამართლიანი მშვიდობისკენ რეალურ გზას და სამმხრივ ფორმატში ლიდერებს შორის არსებითი საუბრის შესაძლებლობას.

ფსონები მართლაც მაღალია. დროა, დასრულდეს ომი. მთავარი ის არის, რომ ეს შეხვედრა ხსნის სამართლიანი მშვიდობისკენ რეალურ გზას და სამმხრივ ფორმატში ლიდერებს შორის არსებითი საუბრის შესაძლებლობას: უკრაინა, შეერთებული შტატები და რუსეთი. დროა, ომი დასრულდეს და შესაბამისი ნაბიჯები რუსეთმა უნდა გადადგას. ამერიკის იმედი გვაქვს. ჩვენ მზად ვართ, როგორც ყოველთვის, მაქსიმალურად ნაყოფიერად ვიმუშავოთ, - განაცხადა ზელენსკიმ. 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ალასკაზე გაემგზავრა. მისი თვითმფრინავი ალასკისკენ უკვე გაფრინდა. 

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, თბილისის დროით, 23:30 საათზე, ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება. 

ისტორიული შეხვედრის შემდეგ, სადაც განხილვის თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება, შესაძლებელია, რომ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართონ. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. 

 

მსგავსი სიახლეები