პოლონეთის აღმოსავლეთში ღამით უცნობი ობიექტი ჩავარდა და აფეთქდა

20.08.25 12:12
პოლონეთის აღმოსავლეთში ღამით უცნობი ობიექტი ჩავარდა და აფეთქდა

20 აგვისტოს ღამით პოლონეთის აღმოსავლეთში, ლუკოვის ოლქის სოფელ ოსინიში, სიმინდის ყანაში უცნობი ობიექტი ჩამოვარდა და აფეთქდა.  აფეთქების შედეგად წარმოიქმნა ორმო, ხოლო ახლომდებარე სახლებში ფანჯრები ჩაიმსხვრა.

Newsweek-ის ინფორმაციით, შემთხვევას პოლიცია და სამხედროები იკვლევენ. დაშავებულები არ არიან. პოლიციის ცნობით, ადგილზე აღმოჩნდა მეტალისა და პლასტმასის ფრაგმენტები. პოლიციის სერჟანტის, მარჩინ იოზვიკის თქმით, დამწვარი ნაწილები მთელ ტერიტორიაზე იყო მიმოფანტული. ადგილობრივმა ტელეარხმა Łuków.TV-მ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნაპოვნია პროპელერის მსგავსი ობიექტი.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ აღნიშნა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა არც უკრაინის, არც ბელარუსის მხრიდან დაფიქსირებულა. მათივე განცხადებით, პოლონეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა მუდმივად აკვირდება ცას და მზადყოფნაშია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.