"საჭიროა მკაფიო პოზიცია" - ზელენსკი ტრამპს მიმართავს
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ამერიკის ლიდერს დონალდ ტრამპს, რომ უფრო მკაფიო პოზიცია დაიკავოს უკრაინაში ომის შეწყვეტასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.
Sky News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერთადერთი გზა სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისთვის არის თავდაპირველად მკაფიო უსაფრთხოების გარანტიების მიცემა.
„სანამ ჩვენ ომს დავასრულებთ, მე ძალიან მინდა, რომ ყველა შეთანხმება გაფორმებული იყოს. მინდა… მქონდეს დოკუმენტი, რომელსაც მხარს დაუჭერენ აშშ და ყველა ევროპელი პარტნიორი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რომ ეს მოხდეს, საჭიროა პრეზიდენტ ტრამპის მკაფიო პოზიცია,“ – თქვა მან.
ზელენსკიმ ასევე მოუწოდა ამერიკის პრეზიდენტს გადადგას „გადამწყვეტი პირადი ნაბიჯები“, რათა შეაჩეროს პუტინი.
„მე მჯერა, რომ აშშ საკმარისად ძლიერია, რათა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს… მჯერა, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია მოგვაწოდოს საჭირო რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემები, და აშშ-ს ისინი საკმარისად აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ს შეუძლია დააწესოს საკმარისი სანქციები, რათა ზიანი მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას, გარდა ამისა, დონალდ ტრამპს საკმარისი ძალა აქვს, რომ პუტინს ეშინოდეს მისი,“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან გაიხსენა, რომ ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ უკვე შემოიღო სანქციების მე-18 პაკეტი „და ახლა მხოლოდ ძლიერი სანქციების პაკეტი აშშ-ს მხრიდანაა საჭირო“.
რუსული უპილოტო აპარატების ნატოს ტერიტორიაზე შეჭრის კომენტირებისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინი ამ გზით ალიანსს ამოწმებს.
მას სურს დაინახოს, რისთვის არის მზად ნატო, რას შეძლებენ ისინი როგორც დიპლომატიურ, ასევე პოლიტიკურ დონეზე და როგორ უპასუხებს ამას ადგილობრივი მოსახლეობა. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ისინი კიდევ ერთ სიგნალს აგზავნიან: "ნუ გაბედავთ უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას, ისინი შეიძლება თავად დაგჭირდეთ’“.