ტრამპი და ზელენსკი, ხვალ, 23 სექტემბერს, ნიუ-იორკში შეხვედრას გამართავენ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ხვალ, 23 სექტემბერს ნიუ-იორკში პირისპირ შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლივიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შეხვედრა გაეროს მე-80 გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება.
ლივიტის თქმით, ტრამპი გაეროს 80-ე გენერალური ასამბლეის სესიის გახსნისას სიტყვით გამოვა.
ზელენსკისთან შეხვედრის გარდა, ტრამპი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან, არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეისთან და ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან.
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე აპირებს მრავალმხრივი სამიტის მოწვევას კატარის, საუდის არაბეთის, ინდონეზიის, თურქეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და იორდანიის ლიდერებთან.
ცნობისთვის, ტრამპსა და ზელენსკის შორის ბოლო შეხვედრა 17 აგვისტოს, თეთრ სახლში ევროპელი ოფიციალური პირების შეკრების დროს შედგა, ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ალასკაში შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ მოამზადებდა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს, თუმცა ეს მცდელობა ჩაიშალა, როდესაც პუტინმა ზელენსკი მოსკოვში მიიწვია და სხვა ადგილები უარყო.