ამერიკელმა სენატორებმა „შათდაუნის“ შესაწყვეტად შეთანხმებას მიაღწიეს

10.11.25 09:56
ამერიკელმა სენატორებმა „შათდაუნის“ შესაწყვეტად შეთანხმებას მიაღწიეს

60 ხმით 40-ის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში მიღწეულია შეთანხმება, რომელმაც უნდა დაასრულოს ქვეყნის ისტორიაში ფედერალური მთავრობის მუშაობის ყველაზე ხანგრძლივი შეჩერება, ე.წ. შათდაუნი.

CNN-ის ცნობით, სენატმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ფედერალური მთავრობის მუშაობის განახლებისკენ, რასაც წინ უძღოდა რესპუბლიკელების შეთანხმება 8 დემოკრატთან. ისინი მხარს დაუჭერენ „შატდაუნის“ შეწყვეტას ჯანდაცვის პროგრამის სუბსიდირების გაგრძელების საკითხზე კენჭისყრის სანაცვლოდ.

მთავრობის დახურვასთან დაკავშირებულ უთანხმოებაში „დემოკრატებისთვის“ მთავარი დაბრკოლება მილიონობით ამერიკელისთვის ჯანდაცვის შეღავათების გახანგრძლივების უზრუნველყოფა იყო.

  • მოლაპარაკებული შეთანხმების ფარგლებში, სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჯონ ტუნი „დემოკრატებს“ დაჰპირდა, რომ დეკემბრის მეორე კვირამდე ჯანდაცვის აღნიშნული შეღავათების გახანგრძლივების საკითხზე კენჭისყრას ჩაატარებს.

CNN-ი წერს, რომ მთავრობის ხელახლა გახსნამდე კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ნებისმიერ სენატორს შეუძლია პაკეტის განხილვა რამდენიმე დღით გადადოს, გარდა ამისა, წარმომადგენელთა პალატას მოუწევს დაბრუნდეს და დაამტკიცოს სენატში მიღწეული შეთანხმება, სანამ ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება.

  • შეერთებული შტატების ფედერალურმა სააგენტოებმა მუშაობა იძულებით შეაჩერეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან, რადგან კონგრესი ვერ შეთანხმდა მომდევნო წლის ბიუჯეტზე.

აშშ-ში ახალი ფინანსური წელი 1 ოქტომბრიდან იწყება. ამ ვადის ამოწურვამდე კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ფედერალური მთავრობის დაფინანსების დროებით გაგრძელებას, ზედა პალატაში, სენატში კი გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა ათზე მეტი კენჭისყრის მიუხედავად.