უკრაინა შეტევით ოპერაციებს განაახლებს - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი
უკრაინა გეგმავს ახალ შეტევით ოპერაციებს, რადგან მხოლოდ თავდაცვითი მოქმედებებით გამარჯვების მიღწევა შეუძლებელია. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარმა სარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ, lb.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის სტრატეგიული გეგმა არ შეცვლილა და კვლავ მთელი უკრაინის ოკუპაციას ითვალისწინებს - იცვლება მხოლოდ დაგეგმილი ვადები, ასევე ხელმისაწვდომი შეიარაღებისა და ცოცხალი ძალის რაოდენობა.
„ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ სტრატეგიულ თავდაცვით ოპერაციას, თუმცა კარგად გვესმის, რომ მხოლოდ თავდაცვაში გამარჯვებას ვერ მივაღწევთ. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ შეტევით ოპერაციებსაც, ვიბრძოლებთ ოპერატიული ინიციატივის შესანარჩუნებლად, რადგან ეს აიძულებს მტერს, ჩართოს და გადაანაწილოს მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსი, შეიარაღება და საბრძოლო მასალა ჩვენი აქტიური მოქმედებების შესაკავებლად“, - განაცხადა სირსკიმ.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ომში გარდატეხა მიმდინარე წლის განმავლობაში, სარდალმა აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელი იქნება რიგი პირობების შესრულების შემთხვევაში: ტექნოლოგიური უპირატესობის მიღწევა, ეკონომიკების კონკურენციაში გამარჯვება, დასავლეთის მხარდაჭერა და იარაღის საკუთარი წარმოების შექმნა. სირსკის თქმით, უკრაინას ამისთვის ყველა წინაპირობა აქვს.
„შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური აღჭურვის ახალ დონეზე გადასვლა საშუალებას მოგვცემს, შევამციროთ ადამიანების უშუალო მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში, გავზარდოთ ტექნიკის გამოყენება, პირველ რიგში - დრონული სისტემების. ასევე მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის შემდგომი განვითარება, როგორც იარაღის ეფექტიანი გამოყენების საფუძველი - რეაგირების სიჩქარის გაზრდა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება“, - აღნიშნა სარდალმა.