ტრამპის წარმომადგენელი 4-5 თებერვალს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს დაესწრება

03.02.26 10:08
ტრამპის წარმომადგენელი 4-5 თებერვალს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს დაესწრება

აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი, 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაემგზავრება, სადაც რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაესწრება.  Jerusalem Post-ის ინფორმაციით,  უიტკოფი 3 თებერვალს ისრაელში ჩავა და პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

ამასთან, Axios-ი წერს, რომ იგეგმება უიტკოფის შეხვედრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც, რის გამართვასაც 6 თებერვლისთვის მოელიან.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთთან და აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში უკვე გაემგზავრა.

ზელენსკის ცნობით, 4-5 თებერვალს, აბუ-დაბიში მოლაპარაკებები უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამმხრივ ფორმატში შედგება. ასევე, აშშ-სა და უკრაინას შორის ორმხრივი მოლაპარაკებებიც გაიმართება.

მისი თქმით, არის საკითხები, რომლებზეც აშშ-სთან შეთანხმებაა საჭირო. „უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე ჩვენ მზად ვართ. უკრაინის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარების საკითხზე ჩვენი გუნდები აქტიურად მუშაობენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ს, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 24 იანვარს დასრულდა.