ეფ-ეს-ბე: რუს გენერალზე თავდამსხმელი კიევიდან მოსკოვში თბილისის გავლით ჩავიდა

09.02.26 14:14
ეფ-ეს-ბე: რუს გენერალზე თავდამსხმელი კიევიდან მოსკოვში თბილისის გავლით ჩავიდა

გენერალ ალექსეევზე თავდასხმაში ბრალდებული პირი რუსეთში 2025 წლის აგვისტოში, კიევი-კიშინიოვი-თბილისი-მოსკოვის მარშრუტით შევიდა - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დავალებით მოქმედებდნენ.

უწყების მტკიცებით, ლიუბომირ კორბას ვაჟი, ლუბოშ კორბა, პოლონეთის სადაზვერვო სამსახურების დახმარებით რეკრუტირებაში მონაწილეობდა,  რუსეთში კიშინიოვისა და თბილისის გავლით ჩავიდა და თვეში 2 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ სამხედროების, მათ შორის ალექსეევის, თვალთვალი დაიწყო.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მას მკვლელობის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში მას 30 000 დოლარის გადახდას დაჰპირდა“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, მკვლელობის მცდელობის დღეს კორბა რუს გენერალს ლიფტთან დაელოდა და ოთხჯერ ესროლა, რის შემდეგაც დუბაიში გაფრენის ინსტრუქცია მიიღო, საიდანაც რუმინეთში, შემდეგ კიევში უნდა გამგზავრებულიყო.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მკვლელობის მცდელობის კიდევ ერთი თანამონაწილე, ვიქტორ ვასინი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის“ მხარდამჭერი იყო და თავდასხმის მზადებაში ტერორისტული მოტივით მონაწილეობდა. მან კორბასთვის ბინა იქირავა და მგზავრობის ბილეთები უყიდა.

რუსული მედიის ცნობით, კორბამ 6 თებერვალს, ალექსეევს ცეცხლი მაყუჩიანი „მაკაროვის „სისტემის პისტოლეტიდან გაუხსნა და მიიმალა. რამდენიმე საათის შემდეგ ის რუსეთიდან გაიქცა. დუბაიდან ექსტრადირების შემდეგ, იგი მოსკოვში დააკავეს