„რამშტაინის“ ფორმატი: მოკავშირეები უკრაინის თავდაცვისთვის 35 მლრდ ევროს გამოყოფენ
უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინის“ ფორმატი) მონაწილე ქვეყნებმა განაცხადეს, რომ 2026 წელს უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად ჯამურად 35 მილიარდ ევროს გამოყოფენ.
ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ გილიმ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას და რუსეთის მიმართ ზეწოლის ზრდას ემსახურება. მისი თქმით, ლონდონმა დამატებით 500 მილიონ ფუნტზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტიც გამოაცხადა, რომელიც ძირითადად საჰაერო თავდაცვის გადაუდებელ საჭიროებებს მოხმარდება.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ უკრაინას მიმდინარე წელს მინიმუმ 60 მილიარდი დოლარი სჭირდება. მისივე თქმით, გერმანია გააგრძელებს Patriot-ისა და Iris-T სისტემების, რაკეტებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას. ასევე, ბერლინი ჩაერთვება „ქალაქის გუმბათისა“ და ანტიდრონული სისტემების განვითარებაში.
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დაადასტურა, რომ მოკავშირეებმა დამატებითი ასობით მილიონი დოლარი გამოყვეს ამერიკული შეიარაღების შესაძენად და ხაზი გაუსვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობას.