არჩევნები უნგრეთში - რას გადაწყვეტს ხალხი?
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა ერთ საათში დასრულდება. ქვეყანა ელოდება გადაწყვეტილებას — გააგრძელებს თუ არა მმართველობას ვიქტორ ორბანი 16 წლის შემდეგ.
დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებთან კილომეტრიანი რიგები დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია — დაახლოებით ხუთი მილიონი მოქალაქე უკვე მონაწილეობდა არჩევნებში, რაც შუადღის მონაცემებით, უპრეცედენტო მაჩვენებელია.
არჩევნებს ყურადღებით აკვირდებიან საერთაშორისო პარტნიორები — ბრიუსელი, ვაშინგტონი და კიევი, ასევე მოსკოვი. პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ვიქტორ ორბანი საერთაშორისო პოლიტიკაში ხშირად პრორუსულ პოზიციებთან ასოცირდება.
წინასაარჩევნო კვლევების ნაწილი ოპოზიციის წარმატებას პროგნოზირებდა, თუმცა საბოლოო შედეგები ხმების დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი.
ამასთან, მედიაში ვრცელდება ცნობები დარღვევების შესახებ. საუბარია შემთხვევებზე, როდესაც ამომრჩევლებს, როგორც იუწყებიან, სრულად არ ჰქონდათ უზრუნველყოფილი კონფიდენციალური არჩევანის გაკეთების პირობები. ასევე გავრცელდა ინფორმაცია საარჩევნო პერიოდში სხვადასხვა ტიპის წახალისების, მათ შორის ვაუჩერების დარიგების შესახებ.
ბუდაპეშტში იმყოფებიან უცხოელი დამკვირვებლები და პოლიტიკური ფიგურებიც, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები.
არჩევნების საბოლოო შედეგები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.