დრონებით თავდასხმის შემდეგ იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა
რუსეთის რამდენიმე რეგიონში დრონებით თავდასხმა განხორციელდა. აფეთქებები დაფიქსირდა იაროსლავლში, სადაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.
გავრცელებული ცნობებით, თავდასხმების სამიზნე მოსკოვი და დონის როსტოვიც გახდა. პირველი უპილოტო საფრენი აპარატები 7 მაისის საღამოს შენიშნეს, რის შემდეგაც „როსავიაციამ“ მოსკოვის „ვნუკოვოსა“ და „დომოდედოვოს“ აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დააწესა.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა, მოგვიანებით განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონების ნაწილი ჩამოაგდეს.