სომხეთში პრემიერ ფაშინიანის შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე გამოძიება დაიწყო
სომხეთში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შესაძლო მკვლელობის ორგანიზების საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნიღბიანი და შეიარაღებული პირები პრემიერის მისამართით პირდაპირ მუქარებს გამოთქვამენ.
ვიდეოში უცნობი პირები ფაშინიანს მთიანი ყარაბაღის დაკარგვაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მისი გადაადგილების მარშრუტი იციან. ერთ-ერთი მათგანი პრემიერ-მინისტრს მიმართავს სიტყვებით: „ვიცით სად და როდის გადაადგილდები — ყველა ნაბიჯისთვის პასუხს აგებ“. სომხეთის საგამოძიებო უწყების განცხადებით, მუქარა რეალურ საფრთხედ შეფასდა.
გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს — მათ შორის, მკვლელობის მომზადების, იარაღის უკანონო ბრუნვისა და კიბერსაბოტაჟის მუხლებით. სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ ვიდეოში მონაწილე პირების ვინაობა.
მომხდარს თავად ნიკოლ ფაშინიანიც გამოეხმაურა. სომხეთის პრემიერმა მუქარის ავტორები მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სამართალდამცველები მათ იდენტიფიცირებას შეძლებენ.