„პუტინის მიმართ უკმაყოფილება იზრდება“ - ზელენსკი საიდუმლო ანგარიშებზე საუბრობს

14.06.26 17:31
„პუტინის მიმართ უკმაყოფილება იზრდება“ - ზელენსკი საიდუმლო ანგარიშებზე საუბრობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის დაზვერვამ მოიპოვა კრემლის შიდა დოკუმენტები, რომლებიც რუსეთში ვლადიმირ პუტინისა და მმართველი პარტიის რეიტინგების კლებას ასახავს. მისი თქმით, ანგარიშები მიუთითებს, რომ პუტინის მიმართ უკმაყოფილება იზრდება და სექტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ საპროტესტო განწყობები ძლიერდება.

„გვესმის, რომ პუტინს იშვიათად აწვდიან სრულად სიმართლეს, შელამაზების გარეშე. თუმცა ისიც კი, რასაც იგი მისთვის განკუთვნილ დოკუმენტებში ხედავს, გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა“, — აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით, დოკუმენტებში ასევე საუბარია მმართველი პარტიის მხარდაჭერის შემცირებაზე, რაც, მისი შეფასებით, არჩევნების მოსაგებად უფრო მასშტაბურ გაყალბებებს საჭიროებს. უკრაინის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ რუსეთის ხელისუფლების პოზიციები უახლოეს თვეებში კიდევ უფრო დასუსტდება.

„ასევე გვაწვდიან ინფორმაციას რუსეთის რეგიონებში საპროტესტო განწყობების მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ. ვფიქრობთ, ამ ანგარიშებში ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული ივნისის, ივლისისა და აგვისტოს ის მოვლენები, რომლებიც დამატებით გავლენას მოახდენს რუსეთში არსებულ ვითარებაზე“, — განაცხადა უკრაინის ლიდერმა.