პარიზის საცავიდან მოპარული პიკასოს ტილო ნარკოდილერების სახლში აღმოაჩინეს

23.06.26 13:29
პარიზის საცავიდან მოპარული პიკასოს ტილო ნარკოდილერების სახლში აღმოაჩინეს

საფრანგეთის ქალაქ შამპინი-სიურ-მარნში ნარკოტიკების საქმეზე ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა პაბლო პიკასოს ორიგინალი ტილო აღმოაჩინეს.

Le Parisien-ის ინფორმაციით, პოლიციამ ერთ-ერთ სახლში დაახლოებით 20 კილოგრამი კანაფის ფისი, ასობით ათასი ევროს ღირებულების დიზაინერული ტანსაცმელი და ნაღდი ფული ამოიღო. ნივთებს შორის აღმოჩნდა პიკასოს ნამუშევარიც, რომელიც ადრე პარიზის საცავიდან იყო მოპარული.

გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ძვირფასი ნივთების საცავში მუშაობდა და რამდენიმე კვირის განმავლობაში იქიდან ტანსაცმელსა და ხელოვნების ნიმუშებს იპარავდა. საქმეზე ოთხი პირი სასამართლოს წინაშე წარდგა.

The Times-ის ცნობით, აღმოჩენილი ტილო 1937 წელს შექმნილ სერიას ეკუთვნის, რომელზეც პიკასომ თავისი მუზა და საყვარელი ქალი, მარი-ტერეზ ვალტერი გამოსახა. ნამუშევრის ღირებულება 12-15 მილიონ ევროდ არის შეფასებული.