რუსეთი საწვავის იმპორტს განიხილავს - ქვეყანაში დეფიციტი და ფასების ზრდაა
რუსეთში საწვავის დეფიციტის გაღრმავების ფონზე ხელისუფლება საწვავის იმპორტისა და იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე სუბსიდიების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ რუსული გამოცემა Ведомости წერს.
მედიის ცნობით, უკრაინის იერიშებით დაზიანებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გამო ქვეყანაში საწვავის წარმოება შემცირდა, რამაც რიგ რეგიონებში გაყიდვების შეზღუდვა, ფასების ზრდა და ბენზინგასამართ სადგურებზე რიგების გაჩენა გამოიწვია.
Reuters-ის ინფორმაციით, შექმნილი ვითარების გამო კრემლმა უკვე აკრძალა ბენზინისა და საავიაციო საწვავის ექსპორტი. ამასთან, ვიცეპრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს როგორც საწვავის იმპორტის, ისე იმპორტირებულ პროდუქტებზე სახელმწიფო სუბსიდიების დაწესების საკითხი.
წყაროების ცნობით, გასულ კვირას რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისის საშუალო დღიურ მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით შემცირდა, რის გამოც ქვეყანა საწვავის დამატებითი მოცულობების საზღვაო გზით შემოტანასაც განიხილავს.