ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში 200 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს
ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში 200 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს - ამის შესახებ აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
გეგმის მიხედვით, ევროპული ფონდებიდან გამოყოფილი თანხა, გლობალური კარიბჭის პროგრამას მოხმარდება. პროექტი მოიცავს, სარკინიგზო კავშირისს შექმნასაც ნახიჩევანში და ასევე ბაქოს პორტის განვითარებას.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ ევროკავშირისთვის სანდო ენერგეტიკული პარტნიორია.
მან რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ამასთან, თქვა, რომ სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს.
"ენერგეტიკული თანამშრომლობა ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთ უძლიერეს საყრდენად რჩება. ბოლო წლებში აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ ევროკავშირის საიმედო და სანდო ენერგეტიკული პარტნიორია. ჩვენ არ დაგვიწყებია, რომ აზერბაიჯანი ჩვენს გვერდით იდგა, როდესაც რუსეთმა ენერგეტიკა იარაღად გამოიყენა და ევროპისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა. სამხრეთის გაზის კორიდორმა ნამდვილად გააძლიერა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და დიდი წარმატების ისტორიაა", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.