"ლუკოილის" უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეწყვიტა
ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, კსტოვოში მდებარე ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ 2 ივლისს დრონებით თავდასხმის შემდეგ ნედლი ნავთობის გადამუშავება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Українська правда The Moscow Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ 2 ივლისს თავს დაესხნენ კსტოვოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც გადამუშავების სიმძლავრით რუსეთში სიდიდით მეოთხე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და ქვეყანაში სიდიდით მეორე ბენზინის მწარმოებელი. დარტყმის შედეგად დაზიანდა მისი მთავარი AVT-6 პირველადი ნავთობის დისტილაციის ბლოკი, რომელიც ქარხნის გადამუშავების სიმძლავრის 53%-ს შეადგენს.
კიდევ ერთი ბლოკი, AVT-5, რომელიც ქარხნის სიმძლავრის 25%-ს შეადგენს, 24 ივნისს დრონებით თავდასხმის შედეგად იყო დაზიანებული. ხუთშაბათიდან ქარხანამ შეაჩერა ბენზინისა და დიზელის საწვავის საბითუმო გაყიდვები სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე.
ნიჟნი ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუძლია წელიწადში 15 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება და 5 მილიონი ტონა ბენზინის წარმოება.