უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში „ახტუბინსკის“ სამხედრო აეროდრომსა და „ციმბულოვას“ დრონოპორტს დაარტყეს
15 ნოემბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე ორ სტრატეგიულ სამხედრო ობიექტზე მიიტანეს იერიში, საიდანაც ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ ავიაციასა და დამრტყმელ დრონებს უშვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საკუთარ Telegram-არხზე ავრცელებს.
უწყების ცნობით, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ასტრახანის ოლქში, საბრძოლო შეხების ხაზიდან დაახლოებით 650 კილომეტრში მდებარე აეროდრომი „ახტუბინსკი“ გახდა. გენშტაბში განმარტავენ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი სამხედრო ბაზა - სწორედ აქ არის დისლოცირებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 929-ე სახელმწიფო საფრენოსნო-გამოსაცდელი ცენტრი, რომელიც ახალი სამხედრო საავიაციო ტექნიკისა და შეიარაღების გამოცდის ერთ-ერთი მთავარი კერაა.
„სწორედ აქ გადიან გამოცდას უახლესი თვითმფრინავები და რაკეტები, სანამ მათ უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნიან. გარდა ამისა, ეს აეროდრომი გამოიყენება Су-34 ტიპის თვითმფრინავების ბაზირებისთვის, რომლებიც უკრაინულ ქალაქებსა და პოზიციებზე მართვად საავიაციო ბომბებს ყრიან. დარტყმის შემდეგ აეროდრომზე საავიაციო მართვადი რაკეტების კომპლექტების საწყობში ძლიერი მეორადი დეტონაცია დაფიქსირდა“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
გარდა საწყობისა, უკრაინელმა სამხედროებმა აეროდრომზე მდებარე მოძრავი რადიოსიმაღლისმზომი ПРВ-13-იც გაანადგურეს, რომელიც საჰაერო ობიექტების ფრენის სიმაღლისა და კოორდინატების დასადგენად გამოიყენება.
რაც შეეხება მეორე სამიზნეს, ის უკრაინის საზღვართან უფრო ახლოს, ორიოლის ოლქში, დასახლებულ პუნქტ ციმბულოვასთან მდებარეობს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს ე.წ. დრონოპორტ „ციმბულოვაზე“ - ადგილზე, სადაც დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების შენახვა, მომზადება და გაშვება ხდება.
უკრაინის გენშტაბში აღნიშნავენ, რომ სწორედ ამ ლოკაციიდან უშვებენ რუსული ძალები დრონებს უკრაინული ქალაქების, ენერგეტიკული ობიექტებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, შესაბამისად, თითოეული ასეთი განადგურებული მოედანი უკრაინულ სახლებზე ნაკლებ ღამის თავდასხმას ნიშნავს.