კიევზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი იზრდება - ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ
რუსეთმა ღამის განმავლობაში კიევზე მასირებული სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა. თავდასხმის შედეგად უკრაინის დედაქალაქში მასშტაბური ნგრევა და ხანძრებია. არიან დაღუპულები და დაშავებულები.
08:00 საათის მონაცემებით, კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. მისი თქმით, სამაშველო და შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები 20-ზე მეტ ლოკაციაზე გრძელდება.
„ყველაზე რთული ვითარებაა დარნიცკისა და პოდოლსკის რაიონებში, სადაც რუსებმა პირდაპირი დამიზნებით საცხოვრებელ მრავალსართულიან კორპუსებს დაარტყეს“, - განაცხადა ტკაჩენკომ.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკო ცნობით კი, თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი დაშავებული მამაკაცი დილით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაშავებულია 46 ადამიანი, მათგან 27 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის სამი ბავშვია. კლიჩკოს განცხადებით, ნგრევა და დაზიანებები ქალაქის ოთხ რაიონში დაფიქსირდა; ყველაზე მეტად პოდოლსკის რაიონი დაზარალდა, ხოლო საცხოვრებელ კორპუსებზე დარტყმები დარნიცკის რაიონშიც განხორციელდა.