რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა – დაღუპულია 2 ადამიანი, დაშავებულებს შორის ბავშვები არიან
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 16 ივლისის გვიან ღამით ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულებს შორის კი ბავშვებიც არიან.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანდა სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ავტომობილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები, მათ შორის რელიგიური და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. თავდასხმის შემდეგ რამდენიმე ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სარაკეტო იერიშის დროს დედა შვილებთან ერთად პარკში იმყოფებოდა. ქალი ადგილზე დაიღუპა, ბავშვები კი გადარჩნენ. მათ და შემთხვევის სხვა თვითმხილველებს ფსიქოლოგიური დახმარება გაეწიათ.
წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი, დაშავებულია სულ მცირე რვა, მათ შორის ბავშვები. ადგილზე საგანგებო და კომუნალური სამსახურები მუშაობენ, ქალაქში კი ოპერატიული შტაბია შექმნილი.
ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები მნიშვნელოვნად დაზიანდა. ადგილობრივი მონიტორინგის ჯგუფები მოსახლეობას მოუწოდებენ, საჰაერო განგაშის სიგნალებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ, რადგან რუსეთის ძალები ოდესის ოლქზე დარტყმებს უკვე ზედიზედ მეშვიდე დღეა ახორციელებენ.