აშშ სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასშტაბს მნიშვნელოვნად შეამცირებს

17.08.26 10:18
აშშ სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასშტაბს მნიშვნელოვნად შეამცირებს

აშშ სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების მასშტაბს მნიშვნელოვნად შეამცირებს. შესაბამისი დავალება დონალდ ტრამპმა პენტაგონს მისცა. ამერიკის პრეზიდენტი გადაწყვეტილებას წვრთნების მაღალი ღირებულებითა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან არსებული ურთიერთობით ხსნის.

ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები არა მხოლოდ ძვირი ჯდება, არამედ ჩრდილოეთ კორეას „სრულიად შეუსაბამო და მტრულ სიგნალს“ უგზავნის. მისი თქმით, კიმ ჩენ ინი მისი პრეზიდენტობის პერიოდში „პატივისცემით მოქმედებდა“, თავად კი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან „ძალიან კარგი ურთიერთობა“ აქვს.

გადაწყვეტილებას კიდევ ერთი მიზეზი აქვს - ტრამპის განცხადებით, მან სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ირანის ბირთვული განიარაღებისკენ მიმართულ ამერიკულ ძალისხმევაში ჩართვა შესთავაზა, თუმცა სეულმა უარი განაცხადა. ამის შემდეგ ტრამპმა თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთს უკვე დაგეგმილი წვრთნების „მნიშვნელოვნად შემცირება“ დაავალა.

საუბარია ყოველწლიურ Ulchi Freedom Shield-ის წვრთნებზე, რომლებიც 17 აგვისტოს დაიწყო და 27 აგვისტომდე უნდა გაგრძელდეს. მათში დაახლოებით 18 ათასი სამხრეთკორეელი სამხედრო მონაწილეობს. მიუხედავად ტრამპის განცხადებისა, სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებამ თქვა, რომ წვრთნები დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად დაიწყო.

მსგავსი სიახლეები