უკრაინამ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს ასობით დრონით შეუტია - სამიზნეში Wildberries-ის საწყობიც იყო
18 აგვისტოს ღამით მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მასშტაბური დრონებით შეტევა განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლება დრონების ჩამოგდებისა და რამდენიმე ობიექტის დაზიანების შესახებ იუწყება, სოციალურ ქსელებში კი ხანძრების ამსახველი კადრები გავრცელდა.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დრონები საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. მისი ინფორმაციით, დილის 5 საათისთვის მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 620 უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავდა, მათგან 180 კი მოსკოვის რეგიონში გაანეიტრალეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობებით, საჰაერო თავდაცვის მუშაობის შედეგად ჩამოცვენილმა ნამსხვრევებმა რამდენიმე ადგილზე ხანძარი გამოიწვია. ასევე გავრცელდა ინფორმაცია მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რაიონში დრონის მოხვედრის შესახებ, თუმცა უშუალოდ საწარმოს დაზიანება ამ დროისთვის დადასტურებული არ არის.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, დრონი ბოგოროდსკის ოლქში, „ატლანტ-პარკის“ ტერიტორიაზე მდებარე Wildberries-ის საწყობს მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით კომპანიაში განაცხადეს, რომ ლოგისტიკურმა კომპლექსმა უმნიშვნელო დაზიანება მიიღო - ნამსხვრევები შენობის კედელს მოხვდა. თანამშრომლები წინასწარ იყვნენ ევაკუირებული, საქონელი კი არ დაზიანებულა.
კოლომნაში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ სავაჭრო ცენტრ „გლობუსთან“ სავაჭრო პავილიონი დაიწვა, ელექტროსტალში კი ავტომობილი და სატრანსფორმატორო ქვესადგური დაზიანდა.
შეტევის შემდეგ მოსკოვის ოლქში ელექტროენერგიის გარეშე 5 000-ზე მეტი მომხმარებელი და 46 სოციალურად მნიშვნელოვანი ობიექტი დარჩა. გათიშვა ლიკინო-დულიოვოსა და ორეხოვო-ზუევოს საქალაქო ოლქებს შეეხო.
„მოსობლენერგოს“ ცნობით, ავარია 18 აგვისტოს, დაახლოებით 05:30 საათზე, ელექტროქსელის მოწყობილობის დაზიანებამ გამოიწვია. კომპანიას დაზიანების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია და განაცხადა, რომ ელექტრომომარაგების აღდგენას დაახლოებით ორი საათი დასჭირდებოდა.