დრონების იერიშების საფრთხის გამო მოსკოვში სამხედრო-მუსიკალური ფესტივალი გააუქმეს
მოსკოვში საერთაშორისო სამხედრო-მუსიკალური ფესტივალი „სპასკაია ბაშნია“ დაგეგმილ თარიღამდე ოთხი დღით ადრე გააუქმეს. Politico-ს ცნობით, გადაწყვეტილების სავარაუდო მიზეზი უკრაინული დრონებით თავდასხმების საფრთხეა.
ფესტივალი მოსკოვის წითელ მოედანზე 2007 წლიდან, ვლადიმერ პუტინის პირადი განკარგულებით იმართება. ღონისძიებას ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ესწრება და მასში ათობით სამხედრო ორკესტრი მონაწილეობს.
Politico „სპასკაია ბაშნიას“ რუსეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამხედრო ღონისძიებად მოიხსენიებს - 9 მაისის გამარჯვების აღლუმისა და სანქტ-პეტერბურგში სამხედრო-საზღვაო ძალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გვერდით. გამოცემის ცნობით, ფესტივალი აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიის გამო გაუქმდა. არსებობის პირველ წლებში მასში ევროკავშირის ქვეყნების, ავსტრალიისა და კანადის სამხედრო ორკესტრებიც მონაწილეობდნენ.
ორგანიზატორებს გაუქმების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ და განაცხადეს, რომ „ორგანიზატორებისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო“ ღონისძიება 2027 წლისთვის გადაიდო.
Politico ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება რუსეთის ევროპულ ნაწილზე, მათ შორის მოსკოვზე, უკრაინული დრონებით გახშირებული შეტევების ფონზე მიიღეს. გამოცემის თანახმად, წინა დღეს რუსეთის დედაქალაქზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში განხორციელდა, რომელშიც 600-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა.
Politico ასევე იხსენებს, რომ ივნისში კრემლმა წითელ მოედანზე დაგეგმილი რუსეთის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტიც გააუქმა, ხოლო 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმი შეზღუდული მასშტაბით ჩატარდა.