რუსეთში ისევ საწვავის დეფიციტია - ბენზინგასამართ სადგურებთან გრძელი რიგებია

18.08.26 10:24
რუსეთში ისევ საწვავის დეფიციტია - ბენზინგასამართ სადგურებთან გრძელი რიგებია

რუსეთში ისევ საწვავის დეფიციტია - ქვეყნის არაერთ რეგიონში ბენზინგასამართ სადგურებთან გრძელი რიგები დგას, რიგ სადგურებზე კი ბენზინი საერთოდ აღარ არის. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებებმა სულ მცირე 10 რეგიონში საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები ხელახლა შემოიღეს.

სოციალურ ქსელებსა და Telegram-არხებში ვრცელდება კადრები, რომლებშიც ბენზინგასამართ სადგურებთან ავტომობილების რიგები ჩანს. სხვადასხვა რეგიონში მოქმედებს განსხვავებული ლიმიტები - ზოგიერთ სადგურზე ერთ ავტომობილზე მხოლოდ 20-40 ლიტრი ბენზინის შეძენაა შესაძლებელი, ცალკეულ ადგილებში კი საწვავის სპეციალურ ჭურჭელში ჩასხმაც შეზღუდულია.

რუსეთის მოქალაქეები სოციალურ ქსელებში საწვავის დეფიციტის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ვიდეომიმართვებს ავრცელებენ. კრიზისის ახალი ტალღა უკრაინული დრონებით რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების ფონზე დაიწყო. Reuters-ის ცნობით, ვითარების დასტაბილურების მიზნით მოსკოვს საწვავის იმპორტის გაზრდაც მოუხდა - მათ შორის ინდოეთიდან, ბელარუსიდან და ყაზახეთიდან.