ტამპმა მსოფლიოს მასშტაბით საიმიგრაციო ვიზების განხილვა დროებით შეაჩერა

26.08.26 16:59
ტამპმა მსოფლიოს მასშტაბით საიმიგრაციო ვიზების განხილვა დროებით შეაჩერა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიოს მასშტაბით საიმიგრაციო ვიზებზე გასაუბრებების ჩანიშვნა დროებით შეაჩერა. გადაწყვეტილება აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფონზე მიიღეს. ამის შესახებ Reuters წერს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყნის ყველა საელჩოსა და საკონსულოში თანამშრომლებისთვის სპეციალური გლობალური სასწავლო პროგრამა დაიწყო, რის გამოც სავიზო მომსახურების გრაფიკი დროებით შეიცვლება. უკვე დაგეგმილი გასაუბრებების მქონე ზოგიერთ განმცხადებელს შეტყობინებებიც გაეგზავნა, რომ ინტერვიუ გადაიდება და ახალი თარიღის შესახებ მოგვიანებით აცნობებენ.

სახელმწიფო დეპარტამენტს ტრენინგის ხანგრძლივობა არ დაუსახელებია. უწყების განმარტებით, პროგრამის მიზანია საკონსულო თანამშრომლებმა უფრო ეფექტიანად გამოავლინონ ის განმცხადებლები, რომლებიც შესაძლოა აშშ-ში სახელმწიფო სოციალურ დახმარებაზე გახდნენ დამოკიდებული, და უზრუნველყონ სავიზო განაცხადების „სრული და თანმიმდევრული“ შეფასება.

გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციის ფართო საიმიგრაციო კამპანიის ნაწილია. ადმინისტრაციამ მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში გაამკაცრა როგორც არალეგალურ, ისე ლეგალურ იმიგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკა, მათ შორის ვიზებისა და „მწვანე ბარათების“ გაუქმებისა და ცალკეული კატეგორიის ვიზებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი საფასურის გზით. თეთრი სახლი ამ პოლიტიკას ქვეყნის შიდა უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობით ხსნის.

ამასთან, ადმინისტრაციის რამდენიმე საიმიგრაციო გადაწყვეტილება სასამართლოშიც გასაჩივრდა. Reuters-ის ინფორმაციით, 21 აგვისტოს ფედერალურმა მოსამართლემ გააუქმა ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომელიც 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებას ითვალისწინებდა - სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს სახელმწიფო მდივნის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას სცდებოდა.

ამავე პერიოდში ტრამპის ადმინისტრაცია სავიზო პოლიტიკის სხვა მიმართულებებსაც ამკაცრებს. Reuters-ის ცნობით, იგეგმება თავშესაფრის მაძიებელ უცხოელთა ნაწილისთვის ადრე გაცემული ვიზების გაუქმება, ხოლო H-1B სამუშაო ვიზებთან დაკავშირებული ახალი წესით საფასური შესაძლოა 103 265 დოლარამდე გაიზარდოს და მუდმივი გახდეს

მსგავსი სიახლეები