მოსკოვი ლონდონს სამხედრო დარტყმებით ემუქრება

28.08.26 10:17
მოსკოვი ლონდონს სამხედრო დარტყმებით ემუქრება

მოსკოვმა გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ მორიგი მუქარა გააჟღერა. კრემლის განცხადებით, ბრიტანული სამხედრო ობიექტები და ტექნიკა შესაძლოა რუსეთის პირდაპირი დარტყმის სამიზნე გახდეს როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

ოფიციალური მოსკოვის გაღიზიანება უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების წარმოების ტექნოლოგიების შესაძლო გადაცემის შესახებ გავრცელებულ ცნობებს მოჰყვა.

ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ უკრაინის მიერ მათი იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებზე პასუხი, შესაძლოა, გახდეს ბრიტანეთის ნებისმიერი სამხედრო ობიექტი და სამხედრო ტექნიკა როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. სამხედრო დანაშაულების მონაწილეები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, შესაბამისად დაისჯებიან, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.