რუსეთმა კიევის ოლქს დრონებით შეუტია - დაზიანებულია „ნოვა პოშტას“ საწყობები, სახლები და ავტომობილები

28.08.26 12:02
რუსეთმა კიევის ოლქს დრონებით შეუტია - დაზიანებულია „ნოვა პოშტას“ საწყობები, სახლები და ავტომობილები

რუსეთის ძალებმა ღამით კიევის ოლქზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანეს. დარტყმის შედეგად ბილოგოროდის თემში „ნოვა პოშტას“ საწყობები, ხოლო სვიატოპეტროვსკეში საწარმოო ობიექტები დაზიანდა. თავდასხმის ადგილებზე ხანძრები გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბილოგოროდის თემის ხელმძღვანელის, ანტონ ოვსიენკოს განცხადებით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური, მეხანძრეები, პოლიცია და მუნიციპალური სამსახურები მუშაობენ. ინფორმაცია შესაძლო დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ამ დრომდე ზუსტდება.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ბუჩას რაიონში მაშველებს ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მოუწიათ მუშაობა — დრონების დარტყმის შედეგად ცეცხლი საწყობებსა და ავტომობილებს გაუჩნდა.

კიევის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, იერიშის სამიზნეებს შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც აღმოჩნდა. წინასწარი მონაცემებით, სხვადასხვა რაიონში დაზიანებულია 14 საწყობი, 16 კერძო სახლი, სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი და 16 ავტომობილი. ზიანი დაფიქსირდა ფასტივის, ბორისპოლის, ვიშგოროდის, ბროვარისა და ბუჩას რაიონებში.

„დარტყმები განხორციელდა სამოქალაქო ობიექტებზე — საცხოვრებელ სახლებზე, საწყობებზე, ავტომობილებსა და ბიზნესობიექტებზე“, — აცხადებენ კიევის საოლქო ადმინისტრაციაში.