750 დაღუპული და 3 ათასზე მეტი დაკარგული - ჰიმალაიში სტიქიის მსხვერპლი იზრდება
კატასტროფული წყალდიდობის უმძიმესი შედეგები ნეპალსა და ჩინეთის ტიბეტის რეგიონში - დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 750-ს მიაღწია, 3 044 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო ოპერაცია მეხუთე დღეა გრძელდება და ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
სტიქიამ ჰიმალაის დასახლებებს გადაუარა - წყლის, ყინულის, ქვებისა და ტალახის უზარმაზარმა ნაკადმა გზები, ხიდები, საცხოვრებელი სახლები და ჰიდროენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარის გასწვრივ მდებარე ზოგიერთი დასახლებისგან პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჰიდროელექტროსადგურების ტერიტორიაზე. დაკარგულთა შორის 933 ჰიდროენერგეტიკის სექტორის მუშაკია. ასზე მეტი ადამიანი შესაძლოა მიწისქვეშა გვირაბებში იყოს ჩარჩენილი. ერთ-ერთ გვირაბში ნეპალის სამხედროებმა მცირე მილის შეყვანა შეძლეს და შიგნით ჰაერის მიწოდება დაიწყეს, პარალელურად კი მაშველები შესასვლელის გასახსნელად მუშაობენ.
სამაშველო სამუშაოებს კვლავ ართულებს ძლიერი წვიმა და მდინარეებში წყლის დონის მატება. დამატებითი საფრთხეა სტიქიის შედეგად წარმოქმნილი ბუნებრივი ტბებიც - მათი შესაძლო გარღვევის გამო ჩინეთის მხარეს სამძებრო სამუშაოების შეჩერებაც გახდა საჭირო. ნეპალი და ჩინეთი ერთმანეთს სატელიტურ და ჰიდროლოგიურ მონაცემებს უზიარებენ, რათა ახალი წყალდიდობის საფრთხე წინასწარ განსაზღვრონ.