ნეპალში მაშველები ჰესების გვირაბებში ჩარჩენილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ - სტიქიას უკვე 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ნეპალში სამაშველო ოპერაციის მთავარი ფოკუსი ახლა ჰიდროელექტროსადგურების დატბორილ და ნანგრევებით ჩახერგილ გვირაბებზეა - ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მათ შიგნით ასობით ადამიანი შეიძლება იყოს დარჩენილი. სამაშველო სამუშაოებში ნეპალელ სამხედროებთან ერთად ინდოელი და ჩინელი სპეციალისტებიც მონაწილეობენ.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა Upper Trishuli-3A-ს ჰიდროელექტროსადგურზე. მაშველებმა გვირაბის ზედა ნაწილამდე მიაღწიეს და სპეციალური ტექნიკით ცდილობენ შიგნით შეღწევას, თუმცა იქ მყოფ ადამიანებთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამუშაოებს ტალახის, ქანებისა და ნანგრევების უზარმაზარი მასა ართულებს.
ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის ზონაში მდებარე ჰიდროენერგეტიკულ ობიექტებზე 900-ზე მეტი თანამშრომელი დაკარგულად ითვლება. სამაშველო ჯგუფები რამდენიმე გვირაბზე ერთდროულად მუშაობენ და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შესასვლელების გახსნას ცდილობენ.
ბოლო მონაცემებით, ნეპალში კატასტროფის შედეგად 903 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული, 4 247 კი დაკარგულად ითვლება. ტიბეტში ჩინეთის ხელისუფლება 16 დაღუპულისა და 546 დაკარგულის შესახებ იუწყება.
ამასთან, ჩიტვანის რაიონში გრძელდება სტიქიის შედეგად დაღუპული და ამოუცნობი ადამიანების დაკრძალვა. ხელისუფლება მათგან დნმ-ის ნიმუშებს იღებს, რათა მოგვიანებით ოჯახის წევრების მონაცემებთან შედარებით ცხედრების იდენტიფიცირება შეძლოს. სტიქიამ ადამიანების ნაწილი მთიანი რაიონებიდან ათეულობით და ასეულობით კილომეტრის მანძილზე ჩაიტანა.
კატასტროფული წყალდიდობა ნეპალ-ტიბეტის საზღვართან მყინვარისა და კლდოვანი მასის ჩამოშლას მოჰყვა. წყლის, ყინულის, ქანებისა და ტალახის უზარმაზარმა ნაკადმა დასახლებები, გზები, ხიდები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურა.