ბელგოროდზე სარაკეტო იერიში განხორციელდა - ცეცხლი თბოელექტროსადგურსა და Ozon-ის ლოჯისტიკურ ცენტრში გაჩნდა

31.08.26 10:12
ბელგოროდზე სარაკეტო იერიში განხორციელდა - ცეცხლი თბოელექტროსადგურსა და Ozon-ის ლოჯისტიკურ ცენტრში გაჩნდა

რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე სარაკეტო იერიშის შედეგად რამდენიმე ობიექტზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი წყაროების ცნობით, დარტყმის ქვეშ მოექცა ბელგოროდის თბოელექტროსადგური და „Estate Logistic“-ის ლოჯისტიკური კომპლექსი, სადაც Ozon-ის საწყობი, დახარისხებისა და მიწოდების ცენტრი იყო განთავსებული.

თბოელექტროსადგურზე დარტყმის შემდეგ გავრცელებულ კადრებში ძლიერი ხანძარი და კვამლი ჩანს. ადგილობრივი არხები ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებაზეც წერენ, თუმცა კონკრეტულად საწვავის ავზების განადგურება ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ არის.

დარტყმა მიიღო Ozon-ის ლოჯისტიკურმა ობიექტმაც. კომპანიამ დაადასტურა, რომ დაზიანდა მისი დახარისხების ცენტრი და მიწოდების ჰაბი. თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ბელგოროდსა და მის შემოგარენში შეკვეთების მიღება და მიწოდება დროებით შეჩერდა.

არის მსხვერპლიც. ბელგოროდის ოლქის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ შუვაევის განცხადებით, ორი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. 

რუსული მხარე თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინას ამ კონკრეტულ იერიშზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.