რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე ღამით დრონებით იერიშები მიიტანა
რუსეთის ძალებმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო შეტევა განახორციელეს. სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის გამო საჰაერო განგაში რამდენიმე რეგიონში გამოცხადდა, აფეთქებების შესახებ კი ცნობები ვრცელდებოდა ჩერნიგოვის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებიდან.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, შეტევების შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ზაპოროჟიეში რუსული FPV-დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა - დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის მოზარდი.
უკრაინული წყაროების ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა განსაკუთრებით ინტენსიურად შეუტიეს ზაპოროჟიეს ოლქსაც - რეგიონში სხვადასხვა ტიპის ასობით უპილოტო აპარატის გამოყენების შესახებ იუწყებიან.