ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში „ჰამასის“ წევრი გაანეიტრალა
ისრაელის არმია აცხადებს, რომ ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად „ჰამასის“ წევრი, ჰუსამ ნუსაირი მოკლა. ისრაელის სამხედროების მტკიცებით, ნუსაირი ისრაელის სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებს გეგმავდა და „უშუალო საფრთხეს“ წარმოადგენდა.
დარტყმა დეირ ალ-ბალაჰში, საცხობის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. ღაზის მედიკოსების ინფორმაციით, ნუსაირთან ერთად დაიღუპა 3 წლის პალესტინელი ბიჭი, ტაიემ ჰამდანი, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა.
ისრაელის არმია აცხადებს, რომ ოპერაციის დროს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად შესაბამისი ზომები მიიღო. „ჰამასს“ ისრაელის სამხედროების ბრალდებაზე უშუალო კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა დაჯგუფება ისრაელს 2025 წლის ოქტომბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფრო ფართო სამშვიდობო გეგმის განხორციელებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.
ღაზის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ სექტორში 1 300-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის სამხედროების ცნობით, ამავე პერიოდში ოთხი ისრაელელი სამხედროა დაღუპული.