რუსეთმა ზაპოროჟიეს დრონებით შეუტია - დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, სავაჭრო ცენტრი და უნივერსიტეტი
21 სექტემბრის ღამეს რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე დრონებით მასირებული შეტევა განახორციელეს. დარტყმების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის სავაჭრო ცენტრი და უმაღლესი სასწავლებლის შენობა. ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ხანძრები გაჩნდა.
ზაპოროჟიეს ოლქის თავდაცვის საბჭოს თანათავმჯდომარის, ივან ფედოროვის ინფორმაციით, ზაპოროჟიესა და ზაპოროჟიეს რაიონზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად სულ 8 ადამიანი დაშავდა. მათ შორისაა 52 წლის კაცი, რომელმაც მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე დარტყმის შედეგად სხეულის დამწვრობა მიიღო.
რუსული დრონი მოხვდა ზაპოროჟიეს ეროვნული უნივერსიტეტის ისტორიულ, მესამე კორპუსსაც, რის შემდეგაც შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, უშუალოდ უნივერსიტეტზე დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აღნიშნული შენობა უნივერსიტეტის უძველესი კორპუსია - ის 1902 წელს აშენდა და თავდაპირველად ქალთა გიმნაზია იყო.
„სასწავლო დაწესებულებებზე დარტყმები, სადაც ჩვენი ახალგაზრდები სწავლობენ, მტრის აშკარა ცინიზმის კიდევ ერთი დასტურია“, - განაცხადა ფედოროვმა.
ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო და სამაშველო სამსახურები; ხანძრების ნაწილის ლიკვიდაცია უკვე მოხერხდა.