რუსეთმა დნიპროპეტროვსკის ოლქის სამ ქალაქში საწარმოებს შეუტია - არის მსხვერპლი
რუსეთმა ღამით უკრაინის რეგიონებზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანა. დარტყმები განხორციელდა სამრეწველო საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებზე. ბოლო მონაცემებით, დნიპროში ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი ექვსამდე გაიზარდა.
ღამის დაახლოებით 02:00 საათზე უკრაინის არაერთ რეგიონში ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა მალევე დააფიქსირეს რაკეტების გაშვება, დნიპროპეტროვსკის ოლქის რამდენიმე ქალაქში კი აფეთქებების ხმა გაისმა.
დნიპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ განჟას ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ერთდროულად შეუტიეს სამრეწველო საწარმოებს დნიპროში, კრივოი-როგსა და პავლოჰრადში. დნიპროში დაზიანებული საწარმოს ნანგრევებში თავდაპირველად ორი დაღუპული იპოვეს, მოგვიანებით კი მაშველებმა კიდევ ორი ცხედარი ამოიყვანეს. დაშავებულია ექვსი ადამიანი. მათგან რამდენიმე საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
რუსული დრონებით შეტევის სამიზნე იყო კიევიც. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დნიპროვსკის რაიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლზე დარტყმის შედეგად სარდაფში ხანძარი გაჩნდა და პირველი სართული დაზიანდა. მაშველებმა შენობიდან 15 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. დაშავდა ოთხი ადამიანი, მათგან სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეტევას პრობლემები მოჰყვა ენერგომომარაგებაშიც. „ჩერნიჰივობლენერგოს“ ინფორმაციით, მეზობელ რეგიონში ენერგეტიკულ ობიექტზე დარტყმის შედეგად ჩერნიჰივის ოლქში ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 100 ათასი აბონენტი დარჩა — კორიუკივკის, ნოვჰოროდ-სივერსკის, ნიჟინისა და ჩერნიჰივის რაიონებში.