აშშ-მა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ვიზა არ მისცა

22.09.26 15:06
აშშ-მა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ვიზა არ მისცა

აშშ-მ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრ ალიმოვს, გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად ვიზა არ მისცა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს. ალიმოვი უწყებაში გაეროს მიმართულებას კურირებს და ნიუ-იორკში დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრებსა და მრავალმხრივ ღონისძიებებში უნდა მიეღო მონაწილეობა.

რუსეთის საგარეო უწყების საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კირილ ლოგვინოვი გადაწყვეტილებას აშშ-ის, როგორც გაეროს შტაბ-ბინის მასპინძელი ქვეყნის, ვალდებულებების დარღვევად აფასებს. გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის ღონისძიებები ამ დღეებში ნიუ-იორკში მიმდინარეობს.

ეს ალიმოვისთვის აშშ-ის ვიზის არგაცემის პირველი შემთხვევა არ არის. მიმდინარე წლის მაისში რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ ალიმოვმა ვიზა ვერ მიიღო გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებში მონაწილეობის მისაღებადაც. მაშინ Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და გაეროში აშშ-ის მისიას ალიმოვის შემთხვევაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მსგავსი სიახლეები