აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს პროკურატურას უზბეკეთის მოქალაქის დაკავებისა და ექსტრადირებისთვის მადლობას უხდის

25.09.26 18:19
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს პროკურატურას უზბეკეთის მოქალაქის დაკავებისა და ექსტრადირებისთვის მადლობას უხდის

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს პროკურატურას დავუდ ანსარის დაკავებისა და შეერთებულ შტატებში ექსტრადირებისთვის მადლობას უხდის. უწყების 24 სექტემბრის ინფორმაციით, უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე ანსარი, რომელიც ასევე „კოზიმჯონ გაფუროვისა“ და „კოზიმის“ სახელებითაა ცნობილი, საქართველოში 2026 წლის აგვისტოში დააკავეს, 23 სექტემბერს კი თბილისიდან ნიუ-იორკში გადაიყვანეს. 

აშშ-ის პროკურატურის ცნობით, ანსარის ბრალად ედება ISIS-ისა და „ალ-ნუსრას ფრონტისთვის“ მატერიალური მხარდაჭერის გაწევა და ამ მიზნით შეთქმულება. გამოძიების ვერსიით, ის ბრუკლინში მოქმედ ქსელს, „ჩაიხანას“  ხელმძღვანელობდა, რომელიც სირიაში წასვლის მსურველთა მგზავრობის დასაფინანსებლად თანხებს აგროვებდა. 2016 წელს ანსარიმ აშშ დატოვა და მას შემდეგ ძებნილი იყო.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ანსარის დაკავება და ექსტრადიცია დეპარტამენტის საერთაშორისო საქმეთა ოფისის, თბილისში FBI-ის სამართალდამცავი ატაშეს ოფისისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლობით განხორციელდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას მაქსიმუმ 35 წლით პატიმრობა ემუქრება; ამ ეტაპზე ბრალდებები დაუმტკიცებელია და ანსარი უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა სასამართლოში არ დადგინდება.

მსგავსი სიახლეები