ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამერიკელებს ტრამპის მოკავშირეების წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდებს

30.09.26 10:22
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამერიკელებს ტრამპის მოკავშირეების წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდებს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ამერიკელ ამომრჩევლებს მოუწოდა, კონგრესის 3 ნოემბრის არჩევნებზე მხარი არ დაუჭირონ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკავშირეებს. მოწოდება 29 სექტემბერს გამოქვეყნებულ ღია წერილშია, რომელიც ამერიკელი ხალხისადმია მიმართული.

წერილში IRGC ამერიკელებს საკუთარი პოლიტიკური გავლენის გამოყენებისა და იმ ლიდერების ხელისუფლებიდან ჩამოშორებისკენ მოუწოდებს, რომელთა პოლიტიკასაც ირანული მხარე აკრიტიკებს. დოკუმენტში ასევე საუბარია ისრაელისადმი აშშ-ის მხარდაჭერასა და საზღვარგარეთ ამერიკის სამხედრო ჩართულობაზე.

„ჩამოაშორეთ ხელისუფლებას ბოროტი, მატყუარა და მოძალადე პოლიტიკოსები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამერიკის დღევანდელ მდგომარეობაზე. აგრძნობინეთ თქვენს პოლიტიკოსებს, რომ მსოფლიო შეიცვალა“, - ნათქვამია წერილში. 

მიმართვა აშშ-ში შუალედურ არჩევნებამდე დაახლოებით ხუთი კვირით ადრე გავრცელდა. Reuters-ის ცნობით, წერილში წამოჭრილი საკითხები, მათ შორის ომი, ფასები და საგარეო პოლიტიკა, ამერიკული წინასაარჩევნო დისკუსიის ნაწილიცაა.