flydubai-ს რეისი საუდის არაბეთში საგანგებოდ დაეშვა - განგაშის მიზეზად პილოტებს შორის დაპირისპირება სახელდება
დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი flydubai-ს რეისი FZ1073 საუდის არაბეთის ქალაქ თაბუქის აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. თვითმფრინავმა ფრენისას ჯერ საერთო საგანგებო კოდი 7700, შემდეგ კი უკანონო ჩარევის შესაძლო შემთხვევაზე მიმანიშნებელი 7500 გადასცა, რამაც თავდაპირველად თვითმფრინავის გატაცების ეჭვი გააჩინა.
ისრაელის უსაფრთხოების წყაროების ინფორმაციით, გატაცების ვერსია გამოირიცხა და ინციდენტი ბორტზე ორ პილოტს შორის მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდებოდა. Reuters-ის ცნობით, ისრაელის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ პილოტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. flydubai-მ დაადასტურა, რომ თვითმფრინავი თაბუქში უსაფრთხოდ დაეშვა და ყველა მგზავრი უსაფრთხოდაა.
საგანგებო სიგნალების მიღების შემდეგ ისრაელმა სამხედრო თვითმფრინავები ააფრინა, ხოლო ისრაელის ხელისუფლებამ უსაფრთხოების საკითხზე კონსულტაციები გამართა. ბორტზე დაახლოებით 180 მგზავრი იმყოფებოდა.