POLITICO: EU კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის, თუ მტრულად განწყობილი სახელმწიფოების წინააღმდეგ ბლოკის გვერდით დადგებიან
POLITICO-ს ხელთ არსებული ევროკომისიის წინადადების პროექტის თანახმად, ევროკავშირი თავის მასშტაბურ ეკონომიკას გაუხსნის გაწევრიანების მოლოდინში მყოფ ქვეყნებს, იმ პირობით, რომ ისინი დათანხმდებიან ბლოკის მხარდაჭერას მტრულად განწყობილი სახელმწიფოებისა და ინდუსტრიული კონკურენტების წინააღმდეგ.
გეგმის პროექტის მიხედვით, კანდიდატ ქვეყნებს — რომელთაგან ზოგიერთი ევროკავშირის წევრობას უკვე ათწლეულებია ელოდება — შესთავაზებენ უპრეცედენტო „ეტაპობრივ ინტეგრაციას“ ერთიან ბაზარში, რაც მოიცავს ბარიერების გარეშე ვაჭრობასა და კვლევით პროგრამებზე წვდომას იმ პერიოდში, როდესაც მათი განაცხადების განხილვა მიმდინარეობს.
„ერთიანი ბაზარი ეკონომიკური დაახლოების მთავარი პრიორიტეტია“, — ნათქვამია კანდიდატი ქვეყნებისთვის შეთავაზებული „გაფართოებამდე პერიოდის“ სარგებლის მიმოხილვაში.
როგორც გამოცემა POLITICO წერს, აღნიშნული მიმოხილვა, რომელსაც კურირებდა ურსულა ფონ დერ ლაიენის მთავარი მრჩეველი ალექსანდრ ადამი — საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ყოფილი თანაშემწე — რადიკალურად შეცვლის ევროკავშირის მიდგომას მეზობელი ქვეყნების მიმართ. ამჟამად, უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიღებული თითქმის ყველა ეკონომიკური სარგებელი მხოლოდ წევრი ქვეყნებისთვისაა ხელმისაწვდომი, თუმცა 2013 წელს ხორვატიის გაწევრიანების შემდეგ ბლოკს ახალი სახელმწიფო არ შემატებია.
ადამის მიერ შემუშავებული ღონისძიებების პაკეტის ფარგლებში, უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთსა და მონტენეგროს შესთავაზებენ „სამოქმედო გეგმებს“ (ე.წ. „საგზაო რუკებს“), რომლებიც მომდევნო წლებში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას ისახავს მიზნად. სხვა ქვეყნების შემთხვევაში — როგორიცაა ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბეთი და თურქეთი — პროცესი გაჭიანურდა, რაც ზრდის შიშს, რომ ისინი შესაძლოა ჩამოშორდნენ ევროკავშირს ან უფრო მეტად დაუახლოვდნენ რუსეთს ან ჩინეთს.
კომისიის გეგმის თანახმად, კანდიდატი ქვეყნებისთვის შეთავაზებული ეკონომიკური სარგებელი დამოკიდებული იქნება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნების მხარდაჭერაზე; ამასთან, ერთიან ბაზ წვდომის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სტრატეგიული შესაბამისობა, კრიტიკული დამოკიდებულებები და ინფრასტრუქტურასა და მიწოდების ჯაჭვებთან დაკავშირებული რისკების მართვის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირობები არ არის დაკმაყოფილებული, მონაწილეობის ფარგლები უნდა დარეგულირდეს შესაბამისი ინსტრუმენტის საფუძველზე.