მოლდოვის საჰაერო სივრცე რუსულმა რაკეტებმა და დრონებმა დაარღვიეს - კიშინიოვმა რუსეთის ელჩი დაიბარა

04.10.26 10:03
მოლდოვის საჰაერო სივრცე რუსულმა რაკეტებმა და დრონებმა დაარღვიეს - კიშინიოვმა რუსეთის ელჩი დაიბარა

3 ოქტომბერს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს, სამი რუსული რაკეტა და ორი დრონი მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. მათი ნამსხვრევები ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რასაც ხანძარი და მატერიალური ზიანი მოჰყვა. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა და მოსკოვს საპროტესტო ნოტა გადასცა.
 

მოლდოვის ხელისუფლების ცნობით, რუსულმა საჰაერო თავდასხმის საშუალებებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე 3 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 07:45-დან 08:00 საათამდე პერიოდში დაარღვიეს. საუბარია სამ რაკეტასა და ორ უპილოტო საფრენ აპარატზე.

მათი ნამსხვრევები მოგვიანებით მოლდოვის აღმოსავლეთ რაიონებში - ჰინჩეშტში, ანენი-ნოისა და კაუშენში აღმოაჩინეს. შემთხვევის ადგილებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პოლიცია გაიგზავნა. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა, თუმცა დაშავებულები არ არიან.

ინციდენტს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ გამოეხმაურა.

„ეს ომი სახიფათოდ უახლოვდება მოლდოვას. რუსეთის საჰაერო თავდასხმის საშუალებებმა, მათ შორის რაკეტებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა, ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვიეს და ჩვენს მიწაზე აფეთქდნენ“, — განაცხადა სანდუმ.


მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიშინიოვში რუსეთის ელჩი ოლეგ ოზეროვი დაიბარა და მას საპროტესტო ნოტა გადასცა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს ინციდენტის სერიოზულობას, რომელმაც საფრთხე შეუქმნა მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვია ხანძარი და მატერიალური ზიანი. სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არ დაუშვას მსგავსი ინციდენტების განმეორება“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.