უკრაინელი ტყვეების წამებაში ბრალდებული რუსი სამხედრო ტულის ოლქში ავტომობილის აფეთქებისას დაიღუპა
რუსეთის ტულის ოლქის ქალაქ ნოვომოსკოვსკში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა რომან სირომიატნიკოვი, რომელსაც უკრაინის გენერალური პროკურატურა უკრაინელი სამხედრო ტყვეების წამებასა და არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებდა. შემთხვევა 2 ოქტომბერს, სირომიატნიკოვის სახლთან ახლოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილის ძარის ქვეშ, მძღოლის მხარეს იყო დამონტაჟებული. აფეთქების შემდეგ მანქანა ინერციით გადაადგილდა და ბოძს შეეჯახა.
უკრაინის გამოძიების ვერსიით, სირომიატნიკოვი ტულის ოლქის №1 სასჯელაღსრულების კოლონიაში მუშაობის პერიოდში სულ მცირე 50 უკრაინელი სამხედრო ტყვის წამებაში მონაწილეობდა. გამოძიება მას და კოლონიის სხვა თანამშრომლებს ტყვეების ცემასა და ელექტროშოკის გამოყენებაში ადანაშაულებს. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მას ბრალი 2025 წელს წარუდგინა.
მედიის ინფორმაციით, სირომიატნიკოვმა 2023 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა და უკრაინის წინააღმდეგ ომში 106-ე ტულის საჰაერო-სადესანტო დივიზიის 51-ე პოლკის შემადგენლობაში იბრძოდა. 2024 წლის ბოლოს ის ტულის ოლქში სამკურნალოდ დაბრუნდა.
რუსეთის ხელისუფლებას აფეთქების გარემოებები და დაღუპულის ვინაობა ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა რომან სირომიატნიკოვის გარდაცვალება ადგილობრივმა გამოცემა „ნოვომოსკოვსკ სეგოდნიამ“ დაადასტურა. უცნობია, ვინ დაამონტაჟა ასაფეთქებელი მოწყობილობა.