ესპანეთის პოლიციამ სეუტაში მიგრანტთა ბანაკი დაარბია
ესპანეთის პოლიციამ ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანეთის ანკლავ სეუტაში, ტრემპოლინის სანაპიროზე მოწყობილი მიგრანტთა ბანაკი დაარბია. Reuters-ის ინფორმაციით, ტერიტორიაზე დაახლოებით 3 000 ადამიანი კარვებსა და თვითნაკეთ თავშესაფრებში ორი თვის განმავლობაში ცხოვრობდა.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მიგრანტები დროებით საცხოვრებელ ცენტრებში გადაჰყავთ, სადაც მათი სტატუსის დადგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლა მოხდება. მათ ასევე ექნებათ მაროკოში დაბრუნების შესაძლებლობა. Reuters-ის ცნობით, ივლისის ბოლოს მაროკოდან სეუტაში 72 ათასზე მეტი ადამიანი გადავიდა; მათი უმრავლესობა მოგვიანებით უკან დაბრუნდა, თუმცა ანკლავში სულ მცირე 10 ათასი მიგრანტი კვლავ რჩება.
მიგრანტთა ყოფნას სეუტაში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტიც მოჰყვა — 3 ოქტომბერს გამართულ აქციაზე მოქალაქეები მათ ანკლავიდან გასვლას მოითხოვდნენ.
ბანაკის დაშლა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-ისა და დედოფალ ლეტიციას დაგეგმილ ვიზიტს ემთხვევა. სამეფო წყვილი სეუტას 13 ოქტომბერს, მელილიას კი 14 ოქტომბერს ეწვევა. ეს ფილიპე VI-ის 12-წლიანი მეფობის განმავლობაში სეუტაში მისი პირველი ვიზიტი იქნება.