„თუ რუსეთი ენერგეტიკულ ზავს არ დათანხმდება, პასუხს მიიღებს“ - ზელენსკი

12.10.26 14:50
„თუ რუსეთი ენერგეტიკულ ზავს არ დათანხმდება, პასუხს მიიღებს“ - ზელენსკი

უკრაინა მზად არის, შეწყვიტოს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, თუ მოსკოვიც ანალოგიურ ვალდებულებას აიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიევი საპასუხო დარტყმებს გააგრძელებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთსა და აშშ-ს შორის დიზელის საწვავთან დაკავშირებულ შეთანხმებასაც გამოეხმაურა და ვაშინგტონს მსგავსი შეთანხმების უკრაინასთან გაფორმება შესთავაზა.

"რატომ არ აფორმებს აშშ უკრაინასთან შეთანხმებას დიზელის საწვავზე? მოდით, უკრაინას შევთავაზოთ ასეთი შეთანხმება. ჩვენ გავლენას ვახდენთ იმაზე, გადაადგილდებიან თუ არა ეს გემები. ჩვენ განვსაზღვრავთ, იმუშავებენ თუ არა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. მოდით, ეს გავაკეთოთ. ჩვენთვის ელექტროენერგია მნიშვნელოვანია. თუ მათ არ შეუძლიათ ჩვენი ენერგეტიკული ქსელის დაცვა, ჩვენ არ შევეხებით მათ დიზელის ინფრასტრუქტურას. ჩვენთვის ელექტროენერგია, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების დახმარებას ნიშნავს", - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ რუსეთის მონაცემთა ცენტრებზე უკრაინული დარტყმების შედეგებზეც ისაუბრა. მისი თქმით, „იანდექსის“ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შემდეგ სოციალურ ქსელებში რუსული ბოტების აქტივობა შემცირდა.

"როდესაც ჩვენმა დარტყმებმა "იანდექსის" მონაცემთა დამუშავების ცენტრებს მიაღწია, სოციალურ ქსელებში ნაკლები სიძულვილი, ნაკლები დაპირისპირება და ნაკლები პროვოკაცია გაჩნდა. რადგან ბოტების რაოდენობა შემცირდა, სრულიად გასაგებია, საიდან იმართებოდნენ ისინი", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა, სავარაუდოდ, ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს და მხარეებს მისი დაცვისკენ მოუწოდა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას მოსკოვისთვის მსგავსი წინადადებები ადრეც არაერთხელ შეუთავაზებია, თუმცა რუსეთმა ისინი უარყო.

მსგავსი სიახლეები